"იმიჯ-ცენტრი" მორიგ სკანდანდალში გაეხვა. მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკურსის გამარჯვებული, "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ჟანეტ ქერდიყოშვილი რუსეთის მოქალაქეა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ქერდიყოშვილი საქართველოს "მის მსოფლიოზე" ვეღარ წარადგენს და "იმიჯ-ცენტრს" საერთაშორისო სკანდალი ელის. როგორც კონკურსის ორგანიზატორი "იმიჯ-ცენტრის" ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილმა აცხადებს, ქერდიყოშვილს ორმაგი - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. "მის მსოფლიოზე" გასამგზავრებლად ინგლისის საელჩომ ჟანეტ ქერდიყოშვილის დოკუმენტაცია უპრობლემოდ მიიღო, დარღვევები არ აღმოჩენილა", - განუცხადა "იმიჯ-ცენტრის" წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ოფიციალურ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით კომპანია დღის განმავლობაში გააკეთებს.ქერდიყოშვილის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "მის მსოფლიო" 7 ნოემბერს ბრიტანეთში უნდა გაიმართოს."მის საქართველოს" რიგით მე-9 გამარჯვებული, ჟანეტ ქერდიყოშვილი მომავალი ჟურნალისტია. ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალსიტიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს.
"იმიჯ-ცენტრი" კონკურისის "მის საქართველოს" უცვლელი ორგანიზატორია. კონკურსი წელს მეცხრედ იმართება, თუმცა გამარჯვებულთან დაკავშირებით უკვე მეოთხე სკანდალი აგორდა.
”მის საქართველო - 2003” - ირინა ონაშვილზე ითქვა, რომ გათხოვილი იყო და მისი სიმაღლე არ შეესაბამებოდა "მის მსოფლიოს" პარამეტრებს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მას მხოლოდ საქმრო ჰყავდა, სიმაღლით კი კონკურსზე არავის დაუწუნებია.
 "მის საქართველო - 2007", ნინო ლიკუჩოვა ნასამართლევი იყო, ამიტომ "მის მსოფლიოში" მონაწილეობა ვერ მიიღო. ამასთან, ის გათხოვილიც აღმოჩნდა. განათხოვარი აღმოჩნდა ”ვიცე-მის საქართველო - 2007", ნინო ლეკვეიშვილიც.
"იმიჯ-ცენტრი" ამჯერად უკვე მეოთხედ შეცდა კონკურსის კანდიდატების შერჩევაში. გამორიცხული არ არის, კონკურენტებმა მისი ლიცენზიის საკითხის გადახედვა მოითხოვონ.
|